აქციე სტრესი ენერგიად

აქციე სტრესი ენერგიად. მუდმივ სტრესს ჯანმრთელობაზე ცუდი ზეგავლენა აქვს. მეორე მხრივ კი, როგორც კვლევებით დასტურდება, სტრესის რესურსად გამოყენება გადატვირთულ სამუშაო დღეს შესაძლებელია. 

შენს ორგანიზმს არაჩვეულებრივი უნარები აქვს, მორგებულია დედამიწის გარემოზე და გამარაგებთ გადასარჩენად საჭირო დამცავი მექანიზმებით. ერთ-ერთი მაგალითია სტრესი. როდესაც შიშს ან სტრესს განიცდით, ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც სტრესთან და შიშთან გასამკლავებლად, ან თუნდაც დაუღალავი შრომისთვის საჭირო ენერგიით გამარაგებთ. სამწუხაროდ, დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან ბევრ სტრესულ სიტუაციას ვაწყდებით. 

თუმცა, კვლევების მიხედვით, ჯანმრთელობისათვის რისკს არა მხოლოდ თავად სტრესი, არამედ სტრესისადმი უარყოფითი ან დადებითი დამოკიდებულებაც წარმოადგენს.

სტრესი გამოწვევებისთვის გამზადებთ

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრისა და ფსიქოლოგის, კელი მაკგონიგალის მთავარი რჩევაა სტრესის შესახებ აზრის შეცვლა. უახლესი კვლევებით სტრესის დადებითი მხარეები გამოიკვეთა და შესაბამისად, მაკგონიგალმა დაასკვნა, რომ სტრესი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საშიში, თუ თქვენ მიიჩნევთ ასე. კვლევებით ასევე აღმოჩნდა, რომ სტრესისადმი დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანების ჯანმრთელობა უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც საერთოდაც არ განიცდიან სტრესს. ამას გარდა, თუ სტრესისადმი დადებითი დამოკიდებულება გექნებათ, უკეთაც იმუშავებთ და ნაკლები ფსიქოლოგიური პრობლემაც გექნებათ. 

მაკგონიგალის თანახმად, უმჯობესია, სტრესს შეხედოთ, როგორც ენერგიის რესურსს და ახალ გამოწვევებთან მოსამზადებელ მექანიზმს. 

როგორ ვმართოთ სტრესი

ალბათ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ გამოწვევას აწყდებით სამუშაო ვადების, სკოლაში წასაყვანი ბავშვების ან სადილის მომზადების სახით. სტრესთან დაკავშირებული დარღვევების (მაგალითად, შფოთვა და გადაღლილობა) თავიდან აცილება არც თუ ისე ადვილია. თუმცა, სანამ აქამდე მიაღწევთ, ნამდვილად ღირს, გაითვალისწინოთ მაკგონიგალის რჩევები, დააფასოთ სტრესი და არ მიიჩნიოთ საშიშროებად. 

იხილეთ რჩევები, თუ როგორ გარდაქმნათ სტრესი ძალად:

  • როდესაც სტრესის ჩვეულ სიმპტომებს შეამჩნევთ, როგორებიცაა აჩქარებული გულისცემა და სუნთქვა, იფიქრეთ იმაზე, რომ ორგანიზმი სათანადოდ მუშაობს და მოემზადეთ გამოწვევებთან გასამკლავებლად. 
  • დააფასეთ სტრესის შედეგი: სტრესის მეშვეობით ძლიერდებით, უფრო ფრთხილი ხდებით და უკეთ შეგიძლიათ სხვების დახმარება. 
  • თუ დრო გაქვთ, მომატებული ენერგია ვარჯიშში გახარჯეთ. მაგალითად, ბუქნებისა და პლანკას ვარჯიში ნებისმიერ ადგილასაა ხელსაყრელი.
  • სტრესის დროს ორგანიზმი ე.წ. “ბრძოლის ან გაქცევის“ რეჟიმშია. ასეთ დროს სტრესი ისეთ რამის გაკეთების ან თქმის გამბედაობას გაძლევთ, რასაც ნორმალურ სიტუაციაში არ იზამთ ან არ იტყვით. ამიტომაც კარგი იქნება, თუ დახმარებისთვის სხვას მიმართავთ. 
  • მთელი ენერგია პრობლემის გადაჭრისკენ მიმართეთ. 
  • ისარგებლეთ მოზღვავებული ენერგიით, რომელიც თავს მხნედ გაგრძნობინებთ!
  • მოიკრიბეთ ძალა და თქვით „არა“!

წყარო: ted.com